რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს
რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს

რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ვადიმ შამარინი ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.

„ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე და კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, ვადიმ შამარინი სამხედრო სასამართლოს განკარგულებით დააპატიმრეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

როგორც რუსული მედია წერს, შამარინის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც გენერალი დაკითხვაზე მიიყვანეს და დააპატიმრეს.

ცნობისთვის, ბოლო კვირებში რუსეთში სამხედრო ხელმძღვანელობის არაერთი წევრი დააპატიმრეს. მათ შორის პირველი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, რომელსაც, ქრთამის სახით, ერთი მილიარდი რუბლის მიღებაში სდებენ ბრალს. ამის შედეგ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილების უფროსი იური კუზნეცოვი, რომელსაც ასევე მექრთამეობაში ადანაშაულებენ. 17 მაისს თაღლითობის ბრალდებით  დააპატიმრეს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის ყოფილი მეთაური ივან პოპოვი.