რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ, ავთენტურობის დადგენის მიზნით, შეისწავლიან ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მკვლელობის სცენას შეიცავს
რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ, ავთენტურობის დადგენის მიზნით, შეისწავლიან ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მკვლელობის სცენას შეიცავს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინტერნეტის ქსელის მონიტორინგისას აღმოაჩინა ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის სცენას შეიცავს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მასალის ავთენტურობის დასადგენად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული მასალა, შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებში გაიგზავნოს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროსთვის თავის მოკვეთის ამსახველი ფოტოების ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

„ჩვენ ყალბი ამბების მსოფლიოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა პესკოვმა.

უკრაინელი სამხედროსთვის თავის მოკვეთის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში 11 აპრილს გავრცელდა. აღნიშნულის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროს მკვლელობის საქმეზე გამოძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, რეაგირება მოახდინონ.