რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს
რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს

რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურამ დაამტკიცა საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილისთვის ბრალდების წაყენება“.

„მას დაუსწრებლად ბრალი ედება დაქირავებულ მებრძოლად შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, – ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, „ელისაშვილი 2022 წელს პოლონეთიდან ჩავიდა უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ქართული ეროვნული ლეგიონის რიგებში გაერთიანდა დაქირავებულ მებრძოლად. გაიარა სამხედრო მომზადება და უზრუნველყოფილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და სპეციალური აღჭურვილობით, რის შემდეგაც ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე. აღნიშნული ქმედებების სანაცვლოდ, ალეკო ელისაშვილმა მატერიალური ჯილდო მიიღო“.

ამასთან, რუსეთის პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ელისაშვილზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა“.

„სისხლის სამართლის საქმე გადაცემულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში არსებითი განხილვისთვის“, – ნათქვამია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში.