რუსეთის ფილმსაცავიდან ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რამდენიმე დღეში, საქართველოში, „გოსფილმოფონდში“ დაცული, კიდევ, 11 ფილმი დაბრუნდება.
მესამე ეტაპზე, ქართულ მხარეს 1960-დან 1985 წლამდე პერიოდში გადაღებული ფილმები დაუბრუნდება. მათ შორის, რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ გიორგი შენგელაიას „ალავერდობა“ და „ფიროსმანი“, თენგიზ აბულაძის „ვედრება“, ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“, ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“და თამაზ მელიავასთან ერთად გადაღებული „თეთრი ქარავანი“, რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ და „ნეილონის ნაძვის ხე“, ალექსანდრე რეხვიაშვილის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკები“ ასევე, გუგული მგელაძის „ბურთი და მოედანი“.
ფონდის მიერ განხორციელებული სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით, სამუშაო ვიზიტით, ქალაქ მოსკოვში, პროექტის კურატორი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამსახურის უფროსი ნანა დოლიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი იმყოფებოდნენ.
შეხვედრა ქართულ დელეგაციასა და „გოსფილმოფონდის“ დირექტორს შორის შედგა. ვიაჩისლავ ტელნოვმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომავალშიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელი ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესს.