გაერო-ში რუსეთის ელჩი - მოსკოვი სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს და  ბრალმდებლებს მტკიცებულებების მოყვანისკენ მოუწოდ
გაერო-ში რუსეთის ელჩი - მოსკოვი სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს და ბრალმდებლებს მტკიცებულებების მოყვანისკენ მოუწოდ

გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებეზნიამ გაერო-ს უშიშროების საგანგებო სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვი დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ბრალმდებლებს მტკიცებულებების მოყვანისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვითხოვთ, მოიყვანოთ მტკიცებულებები, რაც მომხდარში რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითებს“, განაცხადა ნებეზნიამ.

გაერო-ში საგანგებო სხდომას წინ უძღოდა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, აუქმებს ბრიტანეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს და წყვეტს უმაღლეს დონეზე ყველა სახის კონტაქტს რუსეთის ხელისუფლებასთან.

12 მარტს ტერეზა მეიმ მოსკოვს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა და ყოფილი რუსი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახსნა-განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით სკრიპალის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.