რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ​სუმის ოლქში კი ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც რვა პირი ემსხვერპლა
რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ​სუმის ოლქში კი ბალისტიკური რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც რვა პირი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების მიერ ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ცხრა დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ცნობით, ერთ-ერთი თავდასხმა დნეპროვსკის რაიონში განხორციელდა, სადაც რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატით მანქანას დაარტყეს. დაღუპულია ორი პირი, ხოლო დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

იერიშები განხორციელდა ხერსონის სხვა რაიონებშიც.

„ამ დროისთვის ცნობილია სამი გარდაცვლილისა და ცხრა დაშავებულის შესახებ რუსული საოკუპაციო ჯარების მხრიდან დაბომბვების შედეგად“, – აღნიშნა მროჩკომ.

რუსულმა მხარემ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა სუმის ოლქშიც. რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია რვა პირი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ხოლო დაშავებულია ათი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ და დაზარალებულების ევაკუაციას ახორციელებენ.

„დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში.