რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომლითაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტად კენჭისყრას 2024 წელსაც შეძლებს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებების პროექტი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების ვადებს ანულებს.
საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ შესწორების ინიციატივით, 10 მარტს სახელმწიფო დუმის სხდომაზე დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა. აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას 2024 წელსაც შეძლებს.
კანონპროექტი ახლა ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. შესწორების საბოლოოდ დამტკიცებისთვის კი, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობა, შემდეგ კი რეგიონული პარლამენტების სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა. ამის შემდეგ, დოკუმენტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და ის საყოველთაო კენჭისყრაზე – რეფერენდუმზე უნდა გაიტანონ, რომელიც 22 აპრილს უნდა გაიმართოს.
„მივმართავ მოქალაქეებს, მსურს ვთქვა, ძვირფასო მეგობრებო, როგორც გადაწყვეტთ, როგორც მისცემთ ხმას 22 აპრილს, ისე იქნება. ფორმალურად, დღეს შესაძლებელი იქნებოდა ვადების შეზღუდვის გაუქმება, მით უმეტეს მრავალ სხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობლებთან, ასეთი პრაქტიკა არსებობს. სახელმწიფოს მეთაურის არჩევის ვადების არანაირი შეზღუდვები იქ არ არსებობს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას.
„ინიციატივა თავისი არსით ნიშნავს ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტისთვის შეზღუდვების მოხსნას და მომავალში არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას. ბუნებრივ, ღია და კონკურენტულ არჩევნებში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.