რუსეთის დუმამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ფრაქციების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში რუსეთის წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მათი უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს. დეპუტატების მტკიცებით, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება უსაფუძვლოდ ჩამოართვეს.
რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ჩამოართვეს. შედეგად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის 18 წარმომადგენელს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, ნაწილი კი, ზოგიერთი კომიტეტიდან გარიცხეს. ამის გამო, რუსი დეპუტატები სისტემატიურად უცხადებენ ბოიკოტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს. ამას გარდა, 2017 წლიდან რუსეთმა ევროსაბჭოში საწევრო გადასახდის ჩარიცხვაზეც უარი განაცხადა. ეს თანხა ყოველწლიურად 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთის ორგანიზაციიდან გასვლა პირველ რიგში ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს ვნებს.