რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი - მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ ვიმედოვნებთ, შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ არსებითი ნაბიჯების გადადგმას
ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ, გვეგონა, რაზეც ვთანხმდებოდით, შეგვეძლო თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, მაგრამ ეს დოკუმენტები უკრაინულმა მხარემ წაიღო, რათა გაეცნონ, – ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
„მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ არსებითი ნაბიჯების გადადგმას. მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩვენ ჩამოვედით ბევრი წერილობითი დოკუმენტით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ. გვეგონა, რომ რაზეც ვთანხმდებოდით, შეგვეძლო თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, მაგრამ ეს დოკუმენტები უკრაინულმა მხარემ წაიღო იმისთვის, რომ გაეცნონ. ადგილზე ხელი არაფრისთვის მოუწერიათ და თქვეს, რომ ამ საკითხს დაუბრუნდებიან, ალბათ შემდეგ შეხვედრაზე. დღეს დიდხანს განვიხილავდით ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემას, რომელზეც წინა შეხვედრის დროს შევთანხმდით და რომელიც არ შესრულდა. იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ ეს კორიდორი ბოლოს და ბოლოს ამუშავდება“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებასა და მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.