რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების შესაძლებლობა — ექსპერტები განმარტავენ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე #1tvმეცნიერება

15:22, 07.10.2026

გატეხილი სინჯარა შემაშფოთებელი სანახაობაა — დამსხვრეული მინა, დაღვრილი სითხე და სახიფათო ბაქტერია, რომელიც მოულოდნელად თავისი კონტეინერის გარეთ აღმოჩნდა.

თუმცა, ლაბორატორიაში, რომელიც ინფექციურ ორგანიზმებთან სამუშაოდაა განკუთვნილი, თავდაცვის უამრავი მექანიზმი არსებობს.

რუსეთში, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის სიკვდილმა ააგორა სპეკულაციები ლაბორატორიული ინციდენტის შესახებ, რომელშიც ფიგურირებს ჭირის გამომწვევი ბაქტერია. ზოგიერთი ცნობა გატეხილ სინჯარაზე მიუთითებს.

რუსეთის ხელისუფლებამ მისი ავადმყოფობა უცნობი მიზეზით გამოწვეულ პნევმონიად შეაფასა და უარყო კავშირი სამუშაო პათოგენებთან. Reuters-ის ცნობით, 6 ოქტომბერს განაცხადეს, რომ მის კონტაქტებში ჭირის შემთხვევა არ დაფიქსირდა.

საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების საფუძველზე, ცალკეულად არც ჭირი და არც ლაბორატორიული ინციდენტის სავარაუდო შემთხვევა არ დადასტურებულა სიკვდილის მიზეზად.

ეს შეშფოთება ეხება იმას, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გახდეს შავი ჭირის ფილტვის ფორმა მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის საშიში.

„ის იმდენად სწრაფი და ფატალური ინფექციაა, რომ 24 საათში კლავს“, — უთხრა გამოცემა ScienceAlert-ს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის პროფესორმა ბრენდან ვრენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ადრეულ ეტაპზე გამოყენებული ანტიბიოტიკები შეიძლება ეფექტიანი იყოს. ვრენი გვაფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ინფექცია ფეხს მოიკიდებს, მკურნალობა შესაძლოა დაგვიანებული აღმოჩნდეს.

დაფიქსირებული ინციდენტი გამომძიებლებისთვის მხოლოდ საქმის დასაწყისია.

მაღალი დაცვის მქონე ლაბორატორიაში სინჯარის გატეხა ინციდენტია და არა აუცილებლად ზემოქმედება“, — ამბობს ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის ვირუსული იმუნოლოგი და დაცვის მესამე დონის ლაბორატორიათა აკადემიური ხელმძღვანელი ზანია სტამატაკი.

ცოცხალ პათოგენებთან ღია მუშაობა მიმდინარეობს ბიოლოგიური უსაფრთხოების კაბინეტში. ჰაერი ოპერატორისგან იტუმბება და იფილტრება. თუკი მოქმედ კაბინეტში სინჯარა გატყდა, აღნიშნულმა ბარიერმა ხელი უნდა შეუშალოს ინფექციური აეროზოლების მუშაკამდე მიღწევას.

სხვა აღჭურვილობაში გადასატანი ნიმუშები ჰერმეტულ მეორეულ კონტეინერებში თავსდება. შესაბამისად, დაზიანებული სინჯარის შიგთავსი სხვა დამცავ გარსში თავსდება.

კაბინეტი განთავსებულია ჰერმეტულ ოთახში, სადაც უარყოფითი წნევა ნარჩუნდება. ტრენინგი, გაწერილი პროცედურები და დამცავი ტანსაცმელი დამატებით შრეებს უზრუნველყოფს.

„წარმოიდგინეთ არა როგორც ერთიანი ბარიერი, არამედ როგორც ერთმანეთში ჩადგმული ყუთები. ლაბორატორიაში შეძენილი ინფექციები იშვიათია, რადგან მაშინ, ამ ბარიერებიდან რამდენიმე ერთდროულად უნდა გამოვიდეს მწყობრიდან“, — ამბობს სტამატაკი.

ეს დამცავი ზომები ზოგადად აღწერს მაღალი იზოლაციის პირობებში მიმდინარე სამუშაოებს და არ არის კონკრეტულად მორგებული რუსულ ინსტიტუტში არსებულ პირობებზე.

გამომძიებლებმა უნდა განსაზღვრონ, სად მოხდა ინციდენტი, რა იყო კონტეინერში, იყო თუ არა მასალა ინფექციური და შეიძლებოდა თუ არა, ამ შემთხვევას წარმოეშვა ისეთი ნაწილაკები, რომელთა ჩასუნთქვა შესაძლებელია.

ასევე მნიშვნელოვანი იქნება კაბინეტისა და ვენტილაციის ჩანაწერები, ტექნიკური მომსახურების შემოწმებები და გაწერილი პროცედურების დაცვა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება თავად პაციენტისგან უნდა მიღებულიყო.

სტამატაკი ამბობს, რომ მუშაკისგან იზოლირებული ორგანიზმი უნდა დასეკვენირდეს და შეედაროს ლაბორატორიაში შენახულ კონკრეტულ შტამებს.

„ამ გენომური კავშირის გარეშე საქმე გვაქვს დროში დამთხვევასთან და არა დადასტურებულ მიზეზშედეგობრივ ჯაჭვთან“, — ამბობს იგი.

ასეთი დამთხვევა შესაძლო ზემოქმედების გარემოებებთან ერთად უნდა შეფასდეს. ინსტიტუტი ასევე მუშაობს ისეთ ინფექციურ აგენტებთან, რომლებიც არ არის დაკავშირებული ჭირთან.

არსებობს ისტორიული მიზეზი, რის გამოც ლაბორატორიებში ვენტილაციის სისტემის გაუმართაობა ყურადღებას იპყრობს.

1979 წელს, საბჭოთა კავშირის ქალაქ სვერდლოვსკში (ამჟამინდელი ეკატერინბურგი) ჯილეხის აფეთქება მოხდა. ჟურნალ Science-ში 1994 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაზარალებულები სამხედრო მიკრობიოლოგიური ობიექტიდან ქარის მიმართულებით არსებულ ვიწრო ზონაში იყვნენ თავმოყრილნი, რაც ჯილეხის (ციმბირის წყლულის) სპორების ჰაერში გაფრქვევის ვერსიას ამყარებდა.

2016 წელს ჟურნალ mBio-ში გამოქვეყნებული პუბლიკაციის თანახმად, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, აღწერილია ტექნიკური მომსახურების დროს უსაფრთხოების ჰაერის ფილტრების დაზიანება.

ეს გამოძიება უკავშირდებოდა სხვა პათოგენს, სხვა დაწესებულებასა და ისტორიულ კონტექსტს. წარმოაჩენს შეკავების მცდელობის წარუმატებლობის შედეგებს, თუმცა არანაირ მტკიცებულებას არ იძლევა ირკუტსკის შემთხვევასთან დაკავშირებით.

დაახლოებით 200 კონტაქტის მონიტორინგი კიდევ ერთი ისეთი დეტალია, რომელიც შეიძლება ადვილად იქნეს არასწორად გაგებული.

ეს რიცხვი ასახავს იმას, თუ როგორ არის შედგენილი პრევენციული პროტოკოლი.

„ამას განაპირობებს ეჭვი და სიფრთხილე და არ უნდა აღვიქვათ, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასება“, — ამბობს სტამატაკი.

კონტაქტების უარყოფითი ტესტები ვერ ადგენს თავდაპირველი პაციენტის დიაგნოზს. მისი განმარტებით, მეორეული შემთხვევების არარსებობა უნდა მიუთითებდეს, რომ შავი ჭირის ფილტვის ფორმის იზოლირება მალევე მოხდა და იმართა ეფექტიანად. ასევე შეიძლება მიესადაგებოდეს დაავადებას, რომელიც არასდროს ყოფილა ჭირი.

შიშს განაპირობებს Yersinia pestis-ი — ბაქტერია, რომელიც კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ მიუხედავად მისი დიდი ევოლუციური ისტორიისა. მისი პნევმონიური (ფილტვის) ფორმა აზიანებს ფილტვებს და ვრცელდება რესპირატორული ნაწილაკებით.

„შავი ჭირის ფილტვის ფორმა სასუნთქი გზით გადადის, მაგრამ არ არის განსაკუთრებით გადამდები, დანამდვილებით არაა ისეთი გადამდები, როგორიც რესპირატორული SARS ვირუსი“, — ამბობს ვრენი.

ლაბორატორიებში ჭირს იკვლევენ, რათა უკეთესად შეისწავლონ დაავადება და შექმნან სადიაგნოსტიკო საშუალებები, პრეპარატები და ვაქცინები. ირკუტსკის შემთხვევაში, გამომძიებლები უნდა დაუბრუნდნენ პაციენტს, ლაბორატორიულ ჩანაწერებსა და მათ დამაკავშირებელ მტკიცებულებებს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი