რუსეთიდან ლატვიაში შესული მარცვლეულის ანალიზის შედეგები არ გასაჯაროვდება
მარცვლეული (საილუსტრაციო ფოტო)
მიმდინარე წლის სექტემბერში, ლატვიის მთავრობამ სურსათისა და ვეტერინარიის ეროვნულ სამსახურს (PVD) მარცვლეულის წარმომავლობის ლაბორატორიული შემოწმების უფლება მიანიჭა. მიუხედავად ამისა, როგორც „ლატვიის ტელევიზია“ იუწყება, PVD-ი არ გაასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, სცადეს თუ არა უკრაინაში მოპარული მარცვლეულის რუსეთიდან ლატვიის გავლით კონტაბანდულად გადაზიდვა.
სურსათისა და ვეტერინარიის სამსახურმა (PVD), ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, ლაბორატორიული კონტროლის მიზნით, რუსეთიდან ტრანზიტით გადაზიდული მარცვლეულის ნიმუშები აიღო. შემოწმების მიზანი იმის დადგენა იყო, შეიცავდა თუ არა რუსეთის მიერ ლატვიის ტერიტორიის გავლით გადაზიდული მარცვლეულის პარტიები ე.წ. „სისხლიან მარცვლეულს“, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოპარულ მარცვლეულს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიზის შედეგები ჯერ არ არის მიღებული, „ლატვიის ტელევიზიამ“ გაარკვია, რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ მაინც არ გამოქვეყნდება.
ეს ნიშნავს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანალიზით დადასტურდება, რომ მარცვლეული უკრაინიდანაა მოპარული, ფართო საზოგადოება ამას ვერ შეიტყობს.
ერთი კვირის წინ, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ულდის აუგულისმა („მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“), ლატვიას, უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მარცვლეულის წარმოშობის გადამოწმების სისტემის შესახებ სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს აღნიშნული სამი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობას, მარცვლეულის ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული კვლევების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით.
კონტექსტი:
8 სექტემბერს, ლატვიის მთავრობამ სურსათისა და ვეტერინარიის ეროვნულ სამსახურს ნება დართო, ტრანზიტით გადაზიდული მარცვლეულის წარმომავლობაზე ლაბორატორიული შემოწმება ჩაეტარებინა. ეს გადაწყვეტილება რიგაში მას შემდეგ მიიღეს, რაც კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან დიდი რაოდენობით მარცვლეული უკანონოდ გაჰქონდათ. გარდა ამისა, არსებობდა რისკი, რომ ამ მარცვლეულის ნაწილი ლატვიის პორტების გავლითაც გადადაიზიდებოდა, თანაც ისეთი დოკუმენტებით, რომლებშიც მისი წარმომავლობის ქვეყნად რუსეთი იქნებოდა მითითებული.
ამ თვეში ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) „რკინიგზის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელთა მიხედვითაც, ლატვიის გავლით რუსული მარცვლეულის ტრანზიტის ღირებულება 300%-ით გაიზარდა, თუმცა ახალი ტარიფები ჯერ არ ამოქმედებულა. მანამდე სეიმში აგრესორი ქვეყნებიდან ტრანზიტის სრული აკრძალვის შესახებ წინადადებაც განიხილებოდა, რომელიც მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.
ამავდროულად, ესტონეთის მთავრობამ დააწესა ეროვნული სანქციები, რომლებიც ქვეყნის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტს კრძალავს. ამ ზომების შედეგად, ესტონეთის გავლით არც რუსული და არც ბელარუსული მარცვლეული არ გადაიზიდება.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა უკვე განაცხადა, რომ რუსეთიდან ლატვიის გავლით ტრანზიტით გადაზიდული მარცვლეული ლატვიის მოკავშირე ქვეყნებს ეკუთვნის: ამ მარცვლეულს აშშ-ის, იაპონიის და სხვა ქვეყნების კომპანიები ყიდულობენ. სწორედ ამით ახსნა მან თავისი პოზიცია, რომ ლატვია რუსეთიდან მარცვლეულის ტრანზიტს ვერ აკრძალავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად, რუსეთის მარცვლეულის საექსპორტო სიმძლავრეების 80%-ზე მეტი განადგურდა. ექსპერტების შეფასებით, აგვისტოში ხორბლის ექსპორტმა მხოლოდ 1,9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.