რუსეთი: ქალაქ იაკუტსკში პოლონელი და ლიეტუველი გადასახლებულების მემორიალი დაანგრიეს და ის რუსი ჯარისკაცების მონუმენტით ჩაანაცვლეს
პოლონელ გადასახლებულთა ხსოვნის პატივსაცემად იაკუტსკში 2002 წელს აღმართული მემორიალი დღეს უკვე აღარ არსებობს
დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონის“ ცნობით, პოლონელი და ლიეტუველი გადასახლებულების ხსოვნის პატივსაცემად ციმბირის ქალაქ იაკუტსკში აღმართული მემორიალი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების მონუმენტით ჩაანაცვლა.
ამ კვირაში გახსნილი მონუმენტი ორი რუსი ჯარისკაცის ქანდაკებისგან შედგება. ისინი 2023 წლის სექტემბერში უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი მონუმენტის დადგმის გეგმების შესახებ ინფორმაცია პირველად მაისში გაავრცელა.
მონუმენტი ძველი მემორიალის ადგილზე დაიდგა, რომელიც ამ რეგიონში გადასახლებულ პოლონელებს და ლიეტუველებს ეძღვნებოდა და რომლის დემონტაჟიც ეტაპობრივად განხორციელდა: 2023 წლის ივნისში გაქრა დაფა, რომელზეც გადასახლებულთა სახელები იყო ჩამოთვლილი, მოგვიანებით კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კონსტრუქცია მთლიანად აიღო.
ეს მემორიალი 2002 წელს გაიხსნა და შედგებოდა ხუთი ლოდისგან, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო პოლონელი მეცნიერების სახელები: ვაცლავ სეროშევსკი, ედვარდ პეკარსკი, იან ჩერსკი და ალექსანდრ ჩეკანოვსკი. ისინი, იაკუტიაში გადასახლების შემდეგ, ადგილობრივ კულტურას იკვლევდნენ. ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ოღონდ ცალკე დადგმული კიდევ ერთი დაფა კი პატივს მიაგებდა XVII-XIX საუკუნეებში გადასახლებაში დაღუპულთა ხსოვნას, აგრეთვე XX საუკუნეში საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულებს.