რუსეთი: პირველი საპარლამენტო არჩევნები ომის პირობებში და ოპოზიციის გარეშე

14:46, 19.09.2026
გამვლელი ქალი რუსეთის საპარლამენტო არჩევნების საინფორმაციო პლაკატის წინ გადაადგილდება. მოსკოვი, 7 სექტემბერი

გამვლელი ქალი რუსეთის საპარლამენტო არჩევნების საინფორმაციო პლაკატის წინ გადაადგილდება. მოსკოვი, 7 სექტემბერი

რუსეთსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნები სამი დღის განმავლობაში ჩატარდება.

პუტინის ნამდვილი ოპოზიცია ჩრდილშია და კრიტიკული განწყობის გამოხატვა რუსებისთვის რთული იქნება.

18 სექტემბერს რუსეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კვირის ბოლო დღეს, 20 სექტემბერს დასრულდება. ეს არის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) პირველი არჩევნები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ასევე პირველი არჩევნებია, რომელსაც მოსკოვი ატარებს უკრაინის ოკუპირებულ და რუსეთის მიერ ანექსირებულად გამოცხადებულ რეგიონებში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში, ასევე ყირიმში, რომლის ანექსია უფრო ადრე, 2014 წელს განხორციელდა. უკრაინამ ამ არჩევნებს „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიცემული ხმები „ბათილად იქნება ცნობილი და ძალადაკარგულად“ გამოცხადდება.

არავის ეპარება ეჭვი, რომ 18-20 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия) მორიგ გამარჯვებას იზეიმებს. ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაციასთან (RTVE) საუბრისას, ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნები „კონკურენტული“ ვერ იქნება, რადგან ნამდვილ, რეალურ ოპოზიციას მასში მონაწილეობის შესაძლებლობა არ აქვს. მათივე თქმით, ასევე რთული იქნება არჩევნების მეშვეობით რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ ომით გამოწვეული რუსების უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.

რისთვის ტარდება არჩევნები?

ამ არჩევნებზე რუსეთის პარლამენტის ორი პალატიდან ერთ-ერთის – სახელმწიფო დუმის – 450 დეპუტატს აირჩევენ. მეორე პალატა კი ფედერაციის საბჭოა, რომელიც სენატის ანალოგია. დეპუტატების ნახევარს ფედერალურ დონეზე პარტიული სიებით, პროპორციული სისტემით ირჩევენ – ამ შემთხვევაში, პარტიამ ხმების მინიმუმ 5% უნდა მიიღოს, ხოლო მეორე ნახევარს – ერთმანდატიან ოლქებში, ხმების უმრავლესობის სისტემის საფუძველზე.

დუმის ფუნქციებში, თეორიულად, შედის საკონსტიტუციო და ფედერალური კანონების მიღება, რუსეთის ფედერაციის მთავრობის საქმიანობის კონტროლი, პრეზიდენტის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების დანიშვნა.

ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში Единая Россия-ს 310 დეპუტატი ჰყავდა და საკანონმდებლო ორგანოში მთლიანად დომინირებდა. დანარჩენი ოთხი საპარლამენტო პარტია რეალურ ოპოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ომთან დაკავშირებით, საერთო პოზიცია აქვთ და ერთნაირად აძლევენ ხმას. ეს პარტიებია: კომუნისტური პარტია (56 დეპუტატი), „სამართლიანი რუსეთი“ (Справедливая Россия – 27 დეპუტატი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (22 დეპუტატი) და „ახალი ხალხი“ (Новые люди -15 დეპუტატი). პარლამენტში ასევე არის ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი და 16 ვაკანტური ადგილი.

„ეს არჩევნები კონკურენტული არც ახლა არის და არც არასდროს ყოფილა“, – უყვება RTVE-ს მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის (UCM) საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი და რუსეთის საკითხების სპეციალისტი, მარია ხოსე პერესი. „პარლამენტის ორივე პალატა კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოა – არც დუმაში და არც ფედერაციის საბჭოში ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი. ეს არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც პუტინისა და მისი პარტიის, Единая Россия-ს „ხატად და მსგავსად“ შეიქმნა. შესაბამისად, იდეოლოგიური მრავალფეროვნება და რაიმე სახის კონკურენცია არ არსებობს. ამიტომ, გამარჯვებულის გამოცნობა ყოველთვის ადვილია“, – დასძინა მან.

ამიტომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში თავად პუტინი იყო მოქცეული.

„ეს არჩევნები, დემოკრატიული გაგებით, კონკურენტული არ არის, მაგრამ ის წარმოდგენას გვიქმნის თავად რუსული პოლიტიკური სისტემის და იმის შესახებ, თუ როგორ მდგომარეობაშია ეს სისტემა ომის პირობებში“, – ამბობს დისტანციური განათლების ესპანეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UNED) პოლიტოლოგიის ლექტორი და ექსპერტი პოსტსაბჭოთა სივრცის საკითხებში, რუბენ რუისი.

იგი ასევე განმარტავს, თუ როგორ მოიპოვა რუსეთის რეჟიმმა კონტროლი საკანონმდებლო ორგანოზე: „არსებობს კანდიდატების შერჩევის ფილტრი, რომლის მეშვეობითაც გარკვეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის „იაბლოკო“, რომელიც მთავარი რეალური ოპოზიციური პარტიაა, არჩევნებს გამოეთიშნენ. ასევე, წლების განმავლობაში თანდათანობით მცირდებოდა ოპოზიციისთვის დარჩენილი სივრცე – არა მხოლოდ საარჩევნო სიების თვალსაზრისით, არამედ მკაცრი რეპრესიების შედეგადაც, რის გამოც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დიდი ნაწილი დააპატიმრეს, სხვები კი იძულებული გახდნენ, ქვეყანა დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ. გარდა ამისა, Единая Россия-ს და პუტინს უპირატესობა გააჩნდათ მედიაში, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მედიაში, რასაც თან ახლდა სხვა მედიასაშუალებების დახურვა“. რუისი იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ არჩევნებზე ზედამხედველობაც შესუსტდა, რადგან მას საერთაშორისო და ადგილობრივი მეთვალყურეები არ აკვირდებიან.

UNED-ის ლექტორის თქმით, ასეთ ვითარებაში,18-20 სექტემბრის არჩევნების ყველაზე საინტერესო ასპექტი იქნება იმის ხილვა, თუ როგორ ხდება „ცირკულაცია“ პუტინის რეჟიმის შიგნით, ანუ Единая Россия-ს წარმომადგენელი პოლიტიკოსები საარჩევნო პარტიულ სიებში როგორ ადიან ზემოთ ან როგორ ქვეითდებიან.

აკრძალული ოპოზიციური პარტია

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რეალურ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდნენ, ეს ეჭვი მთლიანად გაქარწყლდა – იაბლოკოს“, ერთადერთ პარტიას, რომელმაც ომი გააკრიტიკა, რუსულმა სასამართლოებმა საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, მის ერთ-ერთ ლიდერს, ლევ შლოსბერგს კი პატიმრობა მიუსაჯეს.

„იაბლოკო“ იყო ერთადერთი პარტია იყო, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ, – განაგრძობს მარია ხოსე პერესი, – მან კარგ შედეგებს მიაღწია რეგიონულ და მერის არჩევნებში, საპარლამენტო არჩევნებში კი 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და უფრო მეტის მიღწევაც კი შეეძლო“.

პარტია იმედოვნებდა, რომ ამ არჩევნებზე კიდევ რამდენიმე მანდატს მოიპოვებდა ერთმანდატიან ოლქებში, სადაც ყველაზე მეტი ხმის მქონე ინდივიდუალური კანდიდატი იმარჯვებს. თუმცა, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ცნობით, მის რამდენიმე კანდიდატს მოკვლით დაემუქრნენ, დაახლოებით 20 კანდიდატს კი ბოლო კვირებში არჩევნებიდან ჩამოშორება მას შემდეგ მოაწია, რაც ისინი „ექსტრემიზმსა“ და „შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულეს, ან სხვა მსგავსი ბრალდება წაუყენეს.

მიუხედავად ამისა, „იაბლოკო“ თავისი სლოგანის – „მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“ – ერთგული რჩება და ომის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ხმა მისცენ მის კანდიდატებს, ხოლო იქ, სადაც ისინი არ არიან – დააზიანონ ბიულეტენები, რათა ხმა ბათილად ცნონ.

ივლისში კიდევ ერთი ცნობილი ოპოზიციონერი, ბორის ნადეჟდინი დააკავეს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ამ საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ემზადებოდა. გათავისუფლების შემდეგ, ის ქვეყნიდან გაიქცა.

ასეთ პირობებში, რუს ხალხს ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეუძლია იმისათვის, რომ კრემლის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ან უთანხმოება გამოხატოს. არასაპარლამენტო ოპოზიციამ, რომელსაც, მაგალითად, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია წარმოადგენს, მოუწოდა ხალხს, ხმა მისცენ ნებისმიერ სხვა პარტიას, გარდა „ერთიანი რუსეთისა“, რათა ამით მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერის შემცირება მაინც გამოაშკარავდეს.

წინააღმდეგობის კიდევ ერთი ფორმაა კამპანია „შუადღისას პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც გულისხმობს ხალხის მასობრივად მისვლას საარჩევნო უბნებზე ერთსა და იმავე დროს, რათა ამით აჩვენონ პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება, როგორც ეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა. მაშინ ამ ჟესტს დაპატიმრებები მოჰყვა.

აქტივობის დონე შეიძლება კიდევ ერთ ბარომეტრად გამოდგეს, თუმცა ხმის მიცემისა და თავის შეკავების მონაცემები ხშირად იმალება ან მანიპულირებას ექვემდებარება, განსაკუთრებით – დიდი ურბანული ცენტრების მიღმა.

„თუ რუსები ხმის მიცემისას რაიმე სახის უთანხმოებას გამოხატავენ, ჩვენ ამის შესახებ, ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, რადგან თუ ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნება, ეს ნამდვილად არ დაფიქსირდება“, – ხაზს უსვამს მარია ხოსე პერესი.

არჩევნები ომის დროს

ყველაფრის მიუხედავად, ომი ამ არჩევნებს თავის დაღს მაინც დაასვამს. რუსებმა დაიწყეს სამხედრო კონფლიქტის იმ შედეგების საკუთარ თავზე შეგრძნება, რომელიც უკრაინაში შეჭრის დასაწყისში შორეულ მოვლენად ეჩვენებოდათ. ახლა უკრაინული დრონები დარტყმებს ახორციელებენ არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ რუსეთის სიღრმეში, ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი. ამასთან, ისინი უტევენ არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ სავაჭრო ცენტრებსაც. სამოქალაქო მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურის დაზიანებამ კი საწვავის დეფიციტი და ინფლაცია გამოიწვია.

ლევადა-ცენტრის“ (კრემლი მას „უცხოურ აგენტად“ მიიჩნევს) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 61 პროცენტი ამბობს, რომ „სპეციალური ოპერაცია“ (როგორც მოსკოვი უკრაინაში შეჭრას უწოდებს) გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, რაც „მატერიალური და ეკონომიკური“ პრობლემების შექმნაში, დრონების თავდასხმებსა და ნაცნობებისა თუ ნათესავების დაღუპვაში გამოიხატება. იგივე გამოკითხვა აჩვენებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდამჭერთა წილი 59 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ომის გაგრძელების მომხრეთა წილი 31 პროცენტამდე გაიზარდა.

პუტინის პოპულარობა ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ კვლავ ძალიან მაღალ ნიშნულზეა და 76 პროცენტს უტოლდება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პრემიერ-მინისტრ მიხეილ მიშუსტინის (64 პროცენტი), მთავრობის (62 პროცენტი) ან დუმის (52 პროცენტი) რეიტინგებს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ისეთი პროსახელისუფლებო ორგანიზაციების კვლევებიც კი, როგორიცაა „საზოგადოებრივი აზრის ფონდი“, აჩვენებს, რომ რუსებში ომით გამოწვეული „შეშფოთების შეგრძნება“ გაიზარდა.

ეს შეშფოთება სხვა დეტალებშიც იკვეთება. თუნდაც იმაში, რომ სამხედრო ასაკის ბევრმა მამაკაცმა, არმიაში გაწვევისა და ფრონტზე გაგზავნის საფრთხის გამო, ქვეყანა დროებით დატოვა; „როიტერის“ ცნობით კი, გაზრდილია დრონებისგან დამცავ აღჭურვილობაზე მოთხოვნა, ისევე როგორც ასეთი თავდასხმებისგან დაზღვევის ღირებულება.

რაც არ უნდა მოხდეს, ამ საპარლამენტო არჩევნებში Единая Россия-ს გამარჯვებას პუტინი გამოიყენებს, როგორც მოქალაქეების მხრიდან ომის გაგრძელებისთვის მხარდაჭერის მტკიცებულებას. შემთხვევითი არ არის, რომ 18-20 სექტემბრის არჩევნებზე კრემლის პარტიის სლოგანია „ყველაფერი გამარჯვებისთვის“.

კრემლის ლიდერის ეს განწყობა ნათლად გამოჩნდა გასულ ოთხშაბათს ერისადმი მიმართვაში. „თქვენი არჩევანი და თქვენი ნება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მილიონობით ადამიანი მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს; აგრეთვე იმას, რომ ჩვენ ვართ საერთო ღირებულებებით, ისტორიული მეხსიერებითა და სამშობლოსადმი სიყვარულით გაერთიანებული ხალხი და ჩვენს დაყოფას ან დაშინებას ვერავინ შეძლებს“, – განუცხადა პუტინმა რუს ხალხს.

სტატიის ავტორი: მიგელ ჩარტე,  ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია (RTVE – Corporación de Radio y Televisión Española)

ფოტოს ავტორი: მაქსიმ შიპენკოვი, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE / ევროპის პრეს-ფოტო სააგენტო EPA

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი, 2026 წელი, 07:09 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი