რუსეთი ნატო-ში ელჩის გაგზავნას არ ჩქარობს 
რუსეთი ნატო-ში ელჩის გაგზავნას არ ჩქარობს 

უკვე სამი თვეა, რაც ნატო-ში რუსეთის ელჩის პოსტი თავისუფალია. პირველი არხი ნატო-ში რუსულ მისიას დაუკავშირდა. მისიის თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება გახდეს ნატო-ში რუსეთის ახალი ელჩი ან რამდენი ხანი იქნება ეს პოზიცია თავისუფალი. ვლადიმერ პუტინმა ყოფილი ელჩი ალექსანდრ გრუშკო 2018 წლის იანვარში გადააყენა. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

გრუშკომ ბელგია ისე დატოვა, რომ კომენტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, რუსი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო კანდიდატად საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეი კელინი სახელდებოდა. თუმცა, კელინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მოსკოვი ნატო-ში ელჩის დანიშვნას არ ჩქარობს.

თემაზე რუსულ მედიასთან ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემოლერმა ისაუბრა.

„რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა დონეზე იქნება ქვეყანა წარმოდგენილი ნატო-ში. ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა ყოფილ ელჩთან. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ რუსეთი მისიის ახალ ხელმძღვანელს გამოაგზავნის. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთთან სასაუბრო სხვადასხვა არხები გვაქვს, მათ შორის პირდაპირი არხი მოსკოვთან. აღდგა კონტაქტი სამხედროებს შორის. 21 მარტს შედგა სატელეფონო საუბარი ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების სარდალსა და რუსეთის გენშტაბის უფროსს შორის. ორი დღის წინ კი, მათ მზადყოფნა გამოთქვეს პირისპირ შეხვედრის თაობაზე. ეს შეხვედრა აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება. ეს არის კარგი ინდიკატორი იმის, რომ საკომუნიკაციო არხები მუშაობს. სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრებზე საუბარი მიდის ტრანსპარენტულობაზე, ნდობის აღდგენაზე და ინციდენტების თავიდან აცილებაზე“,- განაცხადა როუზ გოტემოლერმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებს რუსულ მხარესთან კონფლიქტებზე და ჰიბრიდული ომის შესახებ მსჯელობა სურთ.

ელჩის გარდა, ნატო-ში რუსეთის მისიის ოფიციალურ გვერდზე მითითებულია, რომ ვაკანტურია ნატო-ში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლის ადგილიც.

ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ, ნატო-მ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას  სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთის მისიიდან 7 დიპლომატი  გააძევა.