რუსეთი ლატვიაში მცხოვრები სამხედრო პენსიონერებისთვის პენსიების გადახდის შეწყვეტით იმუქრება

12:43, 26.11.2026
საილუსტრაციო ფოტოზე ჩანს 100-ევროიანი ბანკნოტები, რომლებზეც ევროს ლოგოა გამოსახული

საილუსტრაციო ფოტოზე ჩანს 100-ევროიანი ბანკნოტები, რომლებზეც ევროს ლოგოა გამოსახული

რუსეთი ლატვიაში მცხოვრები თითქმის 6 ათასი სამხედრო პენსიონერისთვის პენსიების გადახდის შეწყვეტით იმუქრება. რუსული მხარის მტკიცებით, ამის მიზეზი გახდა ლატვიის მოთხოვნა, რომ შეწყდეს შრომითი ურთიერთობები რიგაში არსებული რუსეთის საელჩოს სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ადგილობრივ თანამშრომლებთან. თუმცა, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შექმნილ ვითარებას განსხვავებულად აფასებს – ამ საკითხს ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის (LSM) ეთერში სპეციალური გადაცემა მიეძღვნა.

24 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რიგაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ლატვიელი თანამშრომლების გათავისუფლება სამხედრო პენსიონერებისთვის პენსიების შემდგომ გაცემას შეუძლებელს გახდის, მათი რაოდენობა კი ლატვიაში დაახლოებით ექვს ათასს შეადგენს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამ საკითხზე ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რამონა კრასოვსკა დაიბარეს. მას გადაეცა ნოტა, რომელიც პენსიების საკითხზე მოლაპარაკებების განახლების შეთავაზებას შეიცავს.

ამავდროულად, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მხარის განცხადებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის საელჩოსთან არსებული სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების დახურვა ლატვიას არც ადრე მოუთხოვია და არც ახლა ითხოვს.

საქმე ის არის, რომ 2025 წლის ბოლოს რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ლატვიას აღარ შეუძლია მოსკოვში მდებარე საკუთარი საელჩოსთვის თანამშრომლების პირდაპირ და უსაფრთხოდ დაქირავება. რუსულ მხარესთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მოსკოვში არსებულ ლატვიის საელჩოში ადგილობრივი თანამშრომლები აღარ დარჩნენ.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განმარტებაში აღნიშნულია:

„ლატვიამ დიპლომატიაში მიღებული ნაცვალგების პრინციპი გამოიყენა და რუსეთს, საპასუხოდ, მოსთხოვა, ლატვიაში [რფ-ის] საელჩოს დაქირავებული თანამშრომლების რაოდენობა რუსეთში ლატვიის საელჩოს თანამშრომელთა რიცხოვნობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. ამასთან, ლატვიაში რუსეთის საელჩოში დაქირავებული თანამშრომლების არარსებობა მას არანაირად არ უშლის ხელს, ფუნქციები საკუთარ თანამშრომლებს შორის გადაანაწილოს, როგორც ეს მოსკოვში ლატვიის საელჩოს მოუწია“.

რუსეთი ლატვიაში მცხოვრებ სამხედრო პენსიონერებსა და მათი ოჯახის წევრებს პენსიებს დღემდე 1994 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე უხდის. იგი ეხება ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებსა და შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლებს, რომლებსაც, რუსეთის კანონმდებლობით, სამხედრო პენსიის მიღების უფლება აქვთ.

შეთანხმების თანახმად, ლატვიამ იკისრა ვალდებულება, ხელი შეუწყოს შესაბამისი განყოფილების მუშაობას და უზრუნველყოს იგი საჭირო ფართითა და მომსახურებით. ლატვიამ მოუწოდა რუსულ მხარეს, განაგრძოს ამ ორმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება, თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.

სტატიის ავტორი: იულიანა შკაგალე, ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

ფოტოს ავტორი: კირილ კუდრიავცევი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი, 2026 წელი, 18:43 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი