რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვისთვის ემზადება
რუსეთი გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვისთვის ემზადება

ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის სენსაციური ტესტის ფარგლებში, რუსეთი გეგმავს, საკუთარი ინტერნეტი დანარჩენი მსოფლიოსგან გამორთოს. „გამოერთების“ გიგანტური ექსპერიმენტი გავლენას იქონიებს რუსეთში მცხოვრებ 100 მილიონ ინტერნეტმომხმარებელზე.

ეს ქმედება, რომელსაც რუსეთი უკვე წლებია გეგმავს, დროებითი ტესტი იქნება. მისი მიზანია იმის შემოწმება, შეუძლია თუ არა იზოლირებულ რუსულ ინტერნეტს „ოფლაინში“ ფუნქციონირება კიბერშეტევის დროს, რაც რუსეთს იძულებით გამორთავს უცხოური სერვერებიდან.

„საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე“, — ამბობდა 2016 წელს გერმან კლიმენკო, პუტინის ყოფილი მრჩეველი ინტერნეტის სფეროში.

მისი თქმით, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებობს „ტექტონიკური ძვრების“ მაღალი ალბათობა, რის გამოც, მათი ამოცანაა რუსეთის ინტერნეტ-სეგმენტის დაცვა ასეთი სცენარებისგან.

ეს მოსაზრება ამჟამად უკვე კანონად ქცევის პროცესშია. დეკემბერში მომზადებული შესაბამისი კანონპროექტის განხილვა რუსეთის პარლამენტმა უკვე დაიწყო.

კანონპროექტის მიხედვით, რუსულ ინტერნეტპროვაიდერებს დაევალებათ თავიანთ ქსელებში ისეთი პარამეტრების დაყენება, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევს უცხოელი აგრესორებისგან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს და საპასუხოდ, მოახდენს რუსეთის ინტერნეტის იზოლირებას დანარჩენი ვებისგან; მთელი ტრაფიკი განხორციელდება ქვეყნის შიდა სისტემებში.

ამავე დროს, რუსეთის კომუნიკაციების სააგენტო „როსკომანდზორს“ ეძლევა დამატებითი ძალაუფლება აკრძალული ინტერნეტ-მედიის კონტროლისა და ცენზურისათვის.

ინიციატივის ავტორების თქმით, რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს პასუხს აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიისადმი, რომელიც სექტემბერში წარმოადგინეს.

რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ ლევინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან რუსეთზე გაზრდილი წნეხი ქვეყანას აიძულებს, დამატებითი ზომები მიიღონ კიბერსივრცეში რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად.

მისი თქმით, საერთაშორისო წნეხის ესკალაციის პირობებში, ერთ-ერთი სცენარი სწორედ მსოფლიო ინტერნეტიდან რუსეთის გამორთვაა.

თუმცა, ამ გეგმას რუსეთში არაერთგავროვანი რეაქცია მოჰყვა.

რუსეთში მოღვაწე ადამიანის უფლებადამცველები და ინტერნეტის თავისუფლების სფეროში მოღვაწე პირების თქმით, მსოფლიო ინტერნეტიდან რუსეთის გამორთვა ქვეყანაში ჩინეთის მსგავს სიტუაციას შექმნის.

რუს მეწარმეთა კავშირი ამ ნაბიჯში უფრო მეტ საფრთხეს ხედავს, ვიდრე ეს შეიძლება მოდიოდეს ჰიპოთეტური უცხოური კიბერშეტევისგან.

„გლობალური ვებისგან რუსეთის გამორთვა უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველასთან ომი გვაქვს“, — უთხრა ბიბისის რუსულ განყოფილებას რუსმა ინტერნეტ-ექსპერტმა ფილიპ კულინმა.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს სადავო გეგმა სულ მალე ალბათ კანონად იქცევა. დაზუსტებით არავინ იცის, როდის მოხდება დიდი „გამოერთება“, მაგრამ ამ მომენტამდე დიდი დრო ნამდვილად არ უნდა იყოს დარჩენილი.

კანონპროექტის მიხედვით, გლობალური ვებიდან რუსეთის გამორთვა 2019 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოხდეს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.