რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განაცხადს შეიტანს
რუსეთი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თავისი დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განაცხადს შეიტანს. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სასანქციო პროცედურების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.
რეზოლუციის მიღებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხანგრძლივი დებატები უძღოდა წინ, რომლებიც ცხრა საათზე მეტ ხანს გაგძელდა.
„ორშაბათს, მთელი დღის განმავლობაში, გვიან ღამემდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მძევლად ჰყავდათ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დელეგატებს, რომლებმაც განსახილველად დაარეგისტრირეს 200-ზე მეტი შესწორება იმისთვის, რომ გაეჭიანურებინათ რეზოლუციის მიღება, რომელიც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებისა და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
თუმცა, თავიანთი ევროპელი კოლეგების დახარჯული დროისა და ნერვების გარდა, მათ ვერაფერს მიაღწიეს, შესწორებები არ დაამტკიცეს: ჩვენ შეგვაქვს განაცხადი ჩვენ უფლებამოსილებების დასადასტურებლად“, – განაცხადა ტოლსტოიმ.