რუსეთი და ბელარუსი პოლონეთში შექმნილი სასამართლო კრიზისით ხარობენ

12:45, 04.11.2026
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი /ფოტოს ავტორი: იგორ ივანკო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი და კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი /ფოტოს ავტორი: იგორ ივანკო, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

პოლონური გაზეთი Dziennik Gazeta Prawna იუწყება, რომ ვარშავაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში აშკარა სიხარულით შეხვდნენ, რუსეთისა და ბელარუსის მედია და ოფიციალური პირები კი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო შექმნილ კრიზისს სათავისოდ იყენებენ.

რუსეთის წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ, „რია ნოვოსტიმ“ პოლონეთის სასამართლო ტრიბუნალის ირგვლივ პარასკევს განვითარებული მოვლენები „გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა. მის პირველ კომენტარს, რომელიც გვიან ღამით გამოქვეყნდა, ასეთი სათაური ჰქონდა: „პოლონეთი რუსეთთან ომს გადაავადებს. ახლა დღის წესრიგში სამოქალაქო ომია“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებების ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ინფლუენსერის, ჯეკ პოსობიეკის პოსტს გამოეხმაურა. ეს უკანასკნელი თავის სტატიაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს ციხით დაემუქრა.

„ევროპა კარგად ვერ მუშაობს – მიგრანტები, ომისკენ წაქეზება, არეულობები და სახელმწიფო გადატრიალებები. მოინანიეთ“, – დაწერა დმიტრიევმა.

თავის მხრივ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ტუსკის გარემოცვა კონსერვატორების, მათ შორის PiS-ის წარმომადგენლების დევნაში დაადანაშაულა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ბანდერელების მიმართ მათი უარყოფით დამოკიდებულება დაასახელა.

რუსმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ირინა ალქსნისმა კი, „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ პოლონეთის მმართველი კოალიცია პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ემზადება, რისი წინაპირობაც, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის დამყარებაა.

მისი მტკიცებით, ევროკომისიას სურს, პოლონეთში არსებული დაძაბულობა ამ ქვეყანაზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენოს, პრეზიდენტი კი ამაში დაბრკოლებას წარმოადგენს. მისივე თქმით, მოსკოვს მხოლოდ ამ მოვლენებისთვის თვალის დევნება შეუძლია.

ბელარუსული გამოცემა „მინსკაია პრავდა“ პოლონეთს დაყოფილი ევროპის სიმბოლოდ წარმოაჩენს, ხოლო ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარი პროპაგანდისტი, გრიგორი აზარიონოკი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას 1926 წლის მაისის გადატრიალებას ადარებს და ვარშავას კანონის უზენაესობის საკითხში ფარისევლობაში ადანაშაულებს.

პოლონელ-ბელარუსმა ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ანჯეი პოჩობუტმა კი პლატფორმა X-ზე აღნიშნა, რომ ასეთი რეაქცია პროგნოზირებადი იყო.

„ბელარუსულ და რუსულ პროპაგანდაში სიხარულის ასეთი აფეთქება ადვილად პროგნოზირებადი იყო. რაც უფრო დიდი პოლიტიკური ქაოსია პოლონეთში, მით უფრო მეტია მათი კმაყოფილება. საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ დავაში ისინი არც ერთ მხარეს არ უჭერენ მხარს. მათი მიზანი სხვა არის და ის კონფლიქტის გაღვივებაში მდგომარეობს. რაც უფრო მეტად ვართ დაყოფილები, მით უკეთესია მათთვის“, – წერს ის.

სტატიის ავტორი და წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 ნოემბერი, 2026 წელი, 10:00 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი