რუსეთი ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოების სარკასტულად გამოყენებას გეგმავს
საილუსტრაციო ფოტო
საგამოძიებო ჟურნალისტიკის პორტალ Re:Baltica-ს ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთი – ქვეყანა, რომელიც კანონის უზენაესობისადმი უპატივცემულობით გამოირჩევა და ხშირად თავად არღვევს მას – აპირებს, საერთაშორისო სასამართლოები იმისთვის გამოიყენოს, რომ ბალტიის ქვეყნები სხვადასხვა არაპოპულარულ და ხარჯებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცესებში ჩაითრიოს.
Re:Baltica-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით თავად რუსეთში არსებული საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, მოსკოვი – შესაძლოა, მისი მოკავშირე აგრესორი ქვეყნის, ბელარუსის დახმარებით – თავის სამართლებრივ მასკარადს, სავარაუდოდ, დააფუძნებს აკვიატებულ მტკიცებაზე, თითქოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობა საშინელ დისკრიმინაციას განიცდის და, რაც კიდევ უფრო ფანტასტიკურია – ამ პირთა მასობრივი დეპორტაცია იგეგმება.
როგორც ჩანს, ამის მიზანია ბალტიის სახელმწიფოებისთვის რაც შეიძლება მეტი უხერხულობის შექმნა და საერთაშორისო ფორუმებზე რუსეთის სოლიფსისტური პრეტენზიების გაჟღერება. მოსკოვის გათვლებით, ზოგიერთი გულუბრყვილო დაივიწყებს, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს საშინელი დანაშაულების ჩადენას უკრაინაში და დაიჯერებს, რომ კრემლს მცირედით მაინც აღელვებს საერთაშორისო სამართალი და მისგან მომდინარე პასუხისმგებლობა.
მართალია, Re:Baltica ამას პირდაპირ ასე არ ამბობს, თუმცა შინაარსობრივად სწორედ ამას გულისხმობს. ეს შეფასება ასევე შეესაბამება ლატვიის უსაფრთხოების ერთ-ერთი სამსახურის – კონსტიტუციის დაცვის ბიუროს (SAB) მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ მინიშნებებს, რომელთა შესახებაც ადრე უკვე გავრცელდა ინფორმაცია.
SAB-ის შეფასებით, რუსეთის სავარაუდო ტაქტიკა ე.წ. „lawfare“-ია – სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად. უფრო მარტივი და გასაგები ენით რომ ვთქვათ, ამას შეიძლება „პროვოკაციების მოწყობა“, „შეგნებულად არეულობის გამოწვევა“ ან „ვითარების განზრახ დაძაბვა“ ეწოდოს. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი ქმედებები წარმოადგენს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ და, შესაძლოა, ერთადერთ „სპეციალიზაციას“.
სტატიის ავტორი: მაიკ კოლერი, ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)
ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM)