რუმინული მედია - რუმინეთში ნატო-ს წვრთნები ჩატარდება, რომელიც მოკავშირეზე თავდასხმის სიმულაციას მოახდენს
რუმინეთში ნატო-ს წვრთნები ჩატარდება, რომელიც მოკავშირეზე თავდასხმის სიმულაციას მოახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები რუმინეთში ხუთი ათასი ჯარისკაცის მონაწილეობით ჩატარდება. ირკვევა, რომ წვრთნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების მიერ გაწეული დახმარების სიმულირებასაც მოახდენს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი უცხოელი ჯარისკაცები რუმინეთში 15 სექტემბერს ჩავლენ. ერთი თვის მანძილზე ქვეყანაში ჯავშანმანქანები და ტანკებიც გამოჩნდება.
წვრთნები რამდენიმე ქალაქში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში ჩატარდება. მასში მონაწილეობას, რუმინელი ჯარისკაცების გარდა, ფრანგი, ბელგიელი, ესპანელი, ლუქსემბურგელი და პორტუგალიელი სამხედროებიც მიიღებენ. ისინი რუმინეთში, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე დარჩებიან.
როგორც მედია წერს, რუმინეთში მიიჩნევენ, რომ ეს სამხედრო წვრთნები აღმოსავლეთ ფლანგის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.