რუმინული მედია - ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის პოპულარიზაციის უკან სავარაუდოდ სამთავრობო პარტია დგას
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მიერ სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე“ ჩატარებული კამპანიის უკან სავარაუდოდ ეროვნული ლიბერალური პარტია იდგა, რომელიც ამჟამად სამთავრობო კოალიციის წევრია.
ამის შესახებ რუმინული დამოუკიდებელი გამოცემა „სნუპი“ წერს.
„სნუპის“ მიხედვით, რუმინეთის ფინანსური ადმინისტრირების ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ „ტიკტოკზე“ ჩატარებული კალინ ჯორჯესკუს კამპანია ეროვნულმა ლიბერალურმა პარტიამ დააფინანსა.
გამოცემის ინფორმაციით, გადახდა განხორციელდა საკომუნიკაციო სააგენტო Kensington Communication-ის მეშვეობით, რომელიც ამ პარტიამ დაიქირავა.
გამოძიების თანახმად, Kensington Communication-მა 130 ინფლუენსერს გადაუხადა, რომლებიც რუმინული ჰეშტეგით „წონასწორობა და სერიოზულობა“ აქვეყნებდნენ პოსტებს და კალინ ჯორჯესკუზე საუბრობდნენ.
Snoop-ის ხელთარსებული დოკუმენტების თანახმად, კამპანიამ „წონასწორობა და პატიოსნება“ სულ 2.4 მილიონი ნახვა დააგროვა.
Kensington Communication-მა დაადასტურა, რომ თანამშრომლობდა პარტიასთან, მაგრამ მისი ყოფილი ლიდერის, ნიკოლაე ჩუკეს წინ წასაწევად, როდესაც მან 2024 წლის გაზაფხულზე მემუარები გამოაქვეყნა და საკომუნიკაციო კამპანიის კონცეფცია სახელწოდებით „წონასწორობა და სერიოზულობა“ მოიპარეს და შეცვალეს ჯორჯესკუს სასარგებლოდ.
Kensington Communication-ში განაცხადეს, რომ რუმინეთის პროკურატურას გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართავენ.
რუმინეთის „ეროვნულ ლიბერალურ პარტიაში“ კომენტარებისგან თავი შეიკავეს.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ გამოძიებამ რუმინეთში შესაძლოა, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი, სადაც პროევროპული პარტიები კოალიციის ფორმირებას ცდილობენ.
მანამდე, დეკემბერში, რუმინეთის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, რუსეთის მიერ ანტიდასავლური კანდიდატის, ჯორჯესკუს სასარგებლოდ კამპანიაში ჩარევის გამო.