რუმინული ატომური ელექტროსადგური „ჩერნავოდა“ ნოემბერშიც ვერ იმუშავებს
რუმინული ატომური ელექტროსადგური „ჩერნავოდა“
რუმინული ტელეკომპანია Digi 24, ენერგეტიკის ახალ მინისტრ დუმიტრუ ჩისალიცაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუმინეთის ატომური ელექტროსადგური „ჩერნავოდა“, მდინარე დუნაიში წყლის დაბალი დონის გამო, მთელი ნოემბრის განმავლობაში გაჩერებული იქნება.
დუნაიში წყლის ნაკადის შემცირების გამო ენერგეტიკის სექტორში გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც აგვისტოში ამოქმედდა, კიდევ 30 დღით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რუმინეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის პირველი და მეორე რეაქტორები ნოემბრის ბოლომდე არ ამუშავდება.
დუნაის წყლის ნაკადი კვლავ ვერ აღწევს იმ მინიმალურ დონეს, რომელიც მდინარის წყლით გაგრილების სისტემაზე მომუშავე რეაქტორებს მუშაობის განახლების საშუალებას მისცემს. ექსპერტების თქმით, მომავალ კვირას წყლის ნაკადის მოცულობამ, შესაძლოა, წამში 1550 კუბურ მეტრს მიაღწიოს, მაშინ როდესაც რეაქტორების გასააქტიურებლად აუცილებელი მინიმალური დონე წამში, სულ მცირე, 4900 კუბური მეტრია.
ატომურ ელექტროსადგურ ,„ჩერნავოდას“, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კონსტანცის ოლქში მდებარეობს, 2 რეაქტორი აქვს და რუმინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 20%-ის გამომუშავებას უზრუნველყოფს. მისი პირველი რეაქტორი 28 ივლისს გაჩერდა, ხოლო მეორე – 13 აგვისტოს.