რუმინეთში მაყურებელი წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუშვეს - საქართველოსთან მატჩს ვაქცინირებულ-ტესტირებულები დაესწრებიან #1TVSPORT
რუმინეთში მაყურებელი წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ დაუშვეს - საქართველოსთან მატჩს ვაქცინირებულ-ტესტირებულები დაესწრებიან #1TVSPORT

2019 წლის 15 ნოემბერს რუმინეთმა ნაციონალურ არენაზე შვედეთთან 0:2 წააგო და ევრო2020-ზე პირდაპირი გზით მოხვედრის ოცნება დაამსხვრია. ეს „სამფეროვანთა“ სათადარიგოთა სკამზე კოზმინ კონტრას ბოლოსწინა მატჩი იყო. მას შემდეგ გუნდს მაყურებლის ძალა არ უგრძვნია.

565-დღიანი პაუზის შემდეგ, რუმინეთი საშინაო მატჩს კვლავ მაყურებლის თანდასწრებით ითამაშებს. ეს მოხდება ოთხშაბათს საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში, რომელიც პლოეშტში, „ილიე ოანას არენაზე“ გაიმართება.

სტადიონის ტევადობის 25% იქნება ხელმისაწვდომი, რაც დაახლოებით 3800 ადგილია (სულ სტადიონი 15,073-ადგილიანია). ეს იქნება პირველი საშინაო თამაში მირელ რადოის მწვრთნელობის დროს, როდესაც გუნდის თამაშზე ტრიბუნებზე გულშემატკივრები დაუშვეს, მაგრამ ბილეთების შეძენის დიდი სურვილი არ იგრძნობა. რუმინული გამოცემა „გაზეტა სპორტულის“ ცნობით, რუმინეთი-საქართველოს მატჩზე ჯერ მხოლოდ 1500 ბილეთი გაიყიდა.

რუმინული გამოცემის ინფორმაციით, ბილეთები ხელმისაწვდომია მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტირებული ადამიანებისთვის: „ჯანდაცვის რეგულაციების თანახმად, მატჩს დაესწრებიან მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირები (რევაქცინაციიდან მინიმუმ 10 დღის შემდეგ), ასევე ის ადამიანები, რომლებიც შეხვედრამდე ბოლო 72 საათში ნეგატიურ RT-PCR-ტესტის პასუხებს წარადგენენ. მაყურებელს უნდა ჰქონდეს ვაქცინაციის ან ტესტირების დამადასტურებელი საბუთი“, – წერს გამოცემა.

რუმინეთი-საქართველოს მატჩზე ბილეთები მოედნის სიახლოვეს 30 ლეი (დაახლოებით 6 ევრო) ღირს, ხოლო პრესტიჟულ ადგილებზე – 60 ლეი (დაახლოებით 12 ევრო).

2 ივნისს რუმინეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩი პლოეშტში 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.