რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა
რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რუმინეთის ეროვნული საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 20,4 % შეადგინა. იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა, მასში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა მიიღოს მონაწილეობა.
რეფერენდუმი ორდღიანი იყო და ის რუმინეთის ბიუჯეტს 40 მილიონი დოლარი დაუჯდა. რეფერენდუმის მიზანს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა წარმოადგენდა, რათა ქვეყნის მთავარ კანონში ქორწინება განისაზღვროს როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირი. ამჟამად რუმინეთის კონსტიტუციით ქორწინება განსაზღვრულია გენდერულად ნეიტრალური ტერმინით „მეუღლე“.
საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი სამოქალაქო ჯგუფი „კოალიცია ოჯახისთვის“ იყო, რომელმაც რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით 2016 წელს სამი მილიონი ხელმოწერა მოაგროვა.
რუმინეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის მასშტაბით ყველაზე კონსერვატიულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია მხოლოდ 2001 წელს მოხდა.