რუმინეთში არალეგალურად და უსაფრთხოების წესების დარღვევით შენახული 8500 ტონა ამონიუმის გვარჯილა ამოიღეს
რუმინეთში არალეგალურად და უსაფრთხოების წესების დარღვევით შენახული 8500 ტონა ამონიუმის გვარჯილა ამოიღეს

რუმინეთში არალეგალურად და უსაფრთხოების წესების დარღვევით შენახული 8500 ტონა ამონიუმის გვარჯილა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების მიზეზი 2700 ტონა ამონიუმის გვარჯილა გახდა, რომლის აალებაც მოხდა.

რუმინეთის პოლიციის ცნობით, ბოლო სამ დღეში რუმინეთის ტერიტორიაზე 51 რეიდი ჩატარდა. შედეგად, გამოვლინდნენ კომპანიები, რომელთაც სამსახურებრივ გულგრილობაში და საშიში ნივთიერებასთან გაუფრთხილებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ აგიგეაში პოლიციამ მხოლოდ ერთ საწყობში 5000 ტონა ამონიუმის გვარჯილა აღმოაჩინა.

რუმინეთის პორტების ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შავი ზღვის პორტ კონსტანცაში ამჟამად სულ 26 000 ტონა ამონიუმის გვარჯილა ინახება. თუმცა, მათივე თქმით, ნივთიერება სპეციალურ საწყობებში, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვითაა მოთავსებული.