რუმინეთში, ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემსუბუქების წინააღმდეგ აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემსუბუქების წინააღმდეგ აქციაზე რვა ადამიანი დააკავეს

რუმინეთში ათასობით ადამიანმა პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების დამტკიცება გააპროტესტა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბუქარესტის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

მომიტინგეებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა რვა ადამიანი დააკავეს.

დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებები ზღუდავს ანტიკორუფციულ საქმეებზე მომუშავე პროკურორების უფლებამოსილებას. დოკუმენტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს აეკრძალება იმ პირის წინააღმდეგ საქმის განხილვა, რომელიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურატურა მის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის გამოძიებების მაქსიმალური ხანგრძლივობა ერთი წლით განისაზღვრა.