რუმინეთს გორში ვუმასპინძლებთ - 21-წლამდე ნაკრებს სპარინგი დაუგეგმეს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება – გუნდი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და რადგან ტურნირზე ავტომატურად, საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობის გარეშე იასპარეზებს, შეთამაშებას ამხანაგური მატჩებით ცდილობს.
ახალგაზრდული ნაკრები შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 3 ივნისს გამართავს. მატჩი, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის შესახებ ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გუნდებს შორის ბოლო მატჩი, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი ერთად უმასპინძლებენ. ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო მონაწილეთა ნახევარს, ევროპის 8 ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოში 16 მატჩი გაიმართება. ჯგუფური და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალურ მატჩს კი ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ უმასპინძლებს.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გადაწყდა. ტურნირის ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, ჯამში 12 ობიექტი მოეწყობა – გათვალისწინებულია როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია, ასევე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. საამისოდ კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფა.