რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 02:23 საათზე თავდაცვის სამინისტროს რადარებმა უკრაინის საზღვართან საჰაერო სამიზნეების ჯგუფი დააფიქსირეს. ვითარების მონიტორინგისთვის რუმინეთმა ჰაერში ორი ესპანური „ეფ-18“ ტიპის თვითმფრინავი და რუმინული სამხედრო ვერტმფრენი IAR-330 SOCAT გაუშვა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ქალაქ გალაციდან დაახლოებით 13 კილომეტრის დაშორებით შევიდა. დაახლოებით 03:24 საათზე კი ის ტულჩის ოლქში, სოფელ გრინდუდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, თუმცა მალევე ჩაქრა. ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.