რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო – რუმინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია, რის გამოც მობილიზებული იყო ნატო-ს ავიაცია

11:49, 27.09.2026

რუმინეთის საჰაერო სივრცე უცნობმა მფრინავმა ობიექტმა დაარღვია, რის გამოც მობილიზებული იყო ნატო-ს ავიაცია, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში განაცხადა.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს რადარებმა დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ კილია-ვეკესთან გადაადგილდებოდა.

რუმინეთის ეროვნულმა სამხედრო სამეთაურო ცენტრმა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექციას ტულჩის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლეობის გაფრთხილების ღონისძიებების გააქტიურების შესახებ აცნობა. გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში, მობილიზებული იყო ესპანეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების ორი ეფ-18-ის ტიპის გამანადგურებელი, რომლებიც საბრძოლო მორიგეობას ასრულებდნენ, ასევე რუმინეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენი. გავრცელებული ცნობით, მფრინავი ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პეროიდში უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები იუწყებოდნენ, რომ რუსული დრონების ჯგუფი ოდესის ოლქში, იზმაილის მიმართულებით მოძრაობდა.

ცნობისთვის, 26 სექტემბრის დილას რუმინეთის ქალაქ აჟიჯის სანაპიროზე დრონის ფრაგმენტი იპოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 სექტემბრის ღამეს რუმინეთმა ქვეყნის საზღვართან დაფიქსირებული საჰაერო ობიექტის გამო ავიაგამანადგურებლების მობილიზაცია მოახდინა.

მსგავსი