რუმინეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, ხორვატიისა და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის, სლოვენიის, მონტენეგროს, ხორვატიისა და სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
„ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, მისალოც წერილს უგზავნის რუმინელი კოლეგა – ბოგდან აურესკუ. „მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ მყარი პოლიტიკური დიალოგის გამოყენებას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობისთვის“, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ.
საქართველოს პირველი დიპლომატისადმი გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჟე ლოგარი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სლოვენიას მეგობრული ურთიერთობები და კონსტრუქციული ორმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სიარულს, განახორციელებს რეფორმებს ქართველი ხალხის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
თავის მიმართვაში, მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯორჯე რადულოვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში. მონტენეგროს პირველი დიპლომატი მისალოც წერილში ასევე ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მონტენეგროს ურყევ მხარდაჭერას.
ილია დარჩიაშვილს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას ასევე ულოცავს ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი – გორდან გრლიჩ რადმანიც. იგი გამოთქვამს იმედს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მისალოც წერილში კიდევ ერთხელ ადასტურებს ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ილია დარჩიაშვილისადმი გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა სელაკოვიჩი წერს: „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ხელს შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.