რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშვნიდან ექვსი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა
რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშვნიდან ექვსი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა

რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშვნიდან ექვსი დღის შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიტიკოსის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმა გადავწყვიტე. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ შენარჩუნდეს სამინისტროს პრესტიჟის ნარჩენები. რომელიც საკუთარი თანამშრომლების მოქმედებების შედეგად დაზარალდა.“ განაცხადა ნიკოლაი მოგამ.

ნიკოლაი მოგას განმარტებით, მისი გადაწყვეტილება ქალაქ კარაკალში 15 წლის გოგონას მკვლელობის გარშემო არსებულ სკანდალს უკავშირდება. გამოძიების თანახმად, 15 წლის ალექსანდრა მეჩეშანუმ 112-ზე სამჯერ დარეკა და განაცხადა, რომ ის უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა და გააუპატიურა.

გოგონა ზარის განხორციელებიდან 19 საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ის შესაძლოა, კიდევ ერთ მკვლელობასთან იყოს დაკავშირებული.

15 წლის გოგონას მკვლელობის საქმემ რუმინეთში მღელვარება გამოიწვია. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოზარდის გატაცების ტრაგიკული დასასრული სამართალდამცავი უწყების დაგვიანებულმა რეაგირებამ გამოიწვია.