რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დივერსიის ბრალდებით დააკავა

20:46, 08.09.2026

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მომზადებული დივერსია აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე.

რუმინული დაზვერვის ცნობით, დაკავებულმა რუსი კურატორებისგან მიიღო დავალება, გადაეღო ფოტო და ვიდეომასალა სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობის ობიექტებისთვის, მათ შორის, ნატო-ს მოკავშირეების მიერ გამოყენებულ საკომუნიკაციო კვანძებისა და სამხედრო ბაზებისთვის, თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ დაწესებულებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისთვის.

გარდა ამისა, მას უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების, „ანტონოვების“ გადაღებაც ევალებოდა, ნათქვამია რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა პრესრელიზში.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ასეთი თვითმფრინავის წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობა 4 აგვისტოს გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტში აღკვეთეს. გერმანიის ხელისუფლებამ ამ დივერსიის მცდელობაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა.

„მიღებული მონაცემები მიუთითებს საქმიანობის ხასიათზე, რომელიც მსგავსია მთელ ევროპაში მოქმედი დივერსიული ქსელების საქმიანობისა, რომელთა კოორდინაციას რუსეთის ფედერაციაში არსებული სტრუქტურები ახორციელებენ“, – განაცხადეს რუმინეთის დაზვერვაში.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე SRI-ს მეთვალყურეობის ქვეშ 2026 წლის თებერვლიდან იმყოფებოდა და იყო რუმინეთის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების განხორციელების მცდელობების შესახებ ფართომასშტაბიანი გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი.

რუმინული მედიის ცნობით, 40 წლის რუსეთის მოქალაქე ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. რუმინეთის სპეცსამსახურის განცხადებით, დივერსიის აღკვეთაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობამ.

მსგავსი