რუმინეთის სენატი ქვეყნის მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
ფოტოს ავტორი: მიხაი ბარბუ / სააგენტო „ფრანს პრესი“
რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი ვადა ისე ამოიწურა, რომ რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატაში ამ დოკუმენტის ირგვლივ არც დებატები გამართულა და არც კენჭისყრა ჩატარებულა. ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატას – სენატს გადაეცემა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Digi24-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 აპრილს ულტრამემარჯვენე პარტია „S.O.S. România“-ს დეპუტატებმა პარლამენტის ქვედა პალატაში წარადგინეს საკანონმდებლო ინიციატივა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ. ამ ინიციატივამ მთავრობისგან, ისევე როგორც იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, კანონპროექტი, 45-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ავტომატურად დამტკიცებულად გამოცხადდა, ვინაიდან დეპუტატებს მის შესახებ დებატები ან საბოლოო კენჭისყრა არ ჩაუტარებიათ. ახლა კანონპროექტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება.
პარლამენტის ზედა პალატაში მისი დამტკიცების შემთხვევაში, რუმინეთის მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მოლდოვასთან ორი სახელმწიფოს შესაძლო გაერთიანების თაობაზე.
კანონის საბოლოოდ მიღებისა და „ოფიციალურ მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, მისი დებულებების ამოქმედების შესახებ ეცნობებათ შესაბამის საერთაშორისო ორგანოებსა და სტრუქტურებს: მოლდოვის მთავრობას, ევროკავშირს, აშშ-ს, ნატო-სა და გაერო-ს.
2026 წლის იანვარში, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, თავისი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მისცემდა ხმას. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ეს იდეა მოსახლეობაში ფართო მხარდაჭერით არ სარგებლობს.
მარკეტინგისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუმინული ინტიტუტის (IMAS) მიერ 2025 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოლდოვის მოქალაქეების 62% გაერთიანების წინააღმდეგ მისცემდა ხმას და მხოლოდ 28% დაუჭერდა მხარს. თავის მხრივ, ევროპარლამენტის წევრმა და რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში, ევგენი ტომაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის განიხილოს მოლდოვასთან გაერთიანების საკითხი იმ პირობით, თუ კიშინიოვი ამაზე მსჯელობის სურვილს გამოთქვამს.
მოლდოვის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის ვასალური სახელმწიფო იყო, ხოლო მდინარეებს, პრუტსა და დნესტრს შორის მდებარე მისი აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის იმპერიამ 1812 წელს, ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით მიიერთა. ამ ახალ რეგიონს რუსეთმა ბესარაბია უწოდა. 1917 წლის რევოლუციის დროს რეგიონმა ავტონომია გამოაცხადა, ხოლო 1940 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოლდოვა ანექსიის გზით მიიერთა.
სტატიის ავტორი: უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)