რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, რომელმაც ხმების 22.94 პროცენტი აიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 100 პროცენტი.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, კალინ ჯორჯესკუ და ელენა ლასკონი მიიღებენ მონაწილეობას.

კალინ ჯორჯესკუს ვებგვერდის მიხედვით, მას აქვს ნიადაგმცოდნეობის დოქტორის ხარისხი და 1990-იან წლებში რუმინეთის გარემოს დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. 1999-2012 წლებში იყო რუმინეთის წარმომადგენელი გაერო-ს გარემოს დაცვის პროგრამის ეროვნულ კომიტეტში. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, კალინ ჯორჯესკუ კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ აწარმოებდა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მას, როგორც პრორუსულ, ნატო-ს მოწინააღმდეგე ნაციონალისტს, სავარაუდოდ, კრემლი დაეხმარა. დასავლური მედიის შეფასებით, კალინ ჯორჯესკუ უკიდურესად რელიგიური და ნაციონალისტია, მის კამპანიაში პრიორიტეტები კი ენიჭებოდა რუმინეთის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას, ფერმერების მხარდაჭერასა და სურსათისა და ენერგიის შიდა წარმოების გაზრდას. დასავლური მედიის მტკიცებით, კალინ ჯორჯესკუ ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი და ნატო სათანადოდ არ წარმოადგენენ რუმინეთის ინტერესებს და რუსეთის ომი უკრაინაში ამერიკული სამხედრო კომპანიების მიერ არის მანიპულირებული. კალინ ჯორჯესკუმ ასევე თქვა, რომ აღფრთოვანებულია უნგრეთით, რადგან მან იცის, როგორ აწარმოოს საერთაშორისო მოლაპარაკებები.