რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მიერ ხელახალი არჩევნებისთვის კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებენ
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მიერ ხელახალი არჩევნებისთვის კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებენ

ბუქარესტში, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მიერ მაისში დაგეგმილი ხელახალი არჩევნებისთვის კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

საარჩევნო ორგანოს ეს გადაწყვეტილება კალინ ჯორჯესკუმ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხშაბათს არის მოსალოდნელი.

რუმინეთში პოლიტიკური ვითარება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიძაბა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული, კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.