რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კალინ ჯორჯესკუს საჩივარი არ დააკმაყოფილა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯორჯესკუ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კალინ ჯორჯესკუს მიერ შეტანილი სარჩელი ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯესკუ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა 12 საჩივარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კალინ ჯორჯესკუსთვის მაისში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე და არცერთი არ დააკმაყოფილა.
9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ კალინ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. ჯორჯესკუმ ეს გადაწყვეტილება დემოკრატიაზე პირდაპირ დარტყმად შეაფასა და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
რუმინეთში პოლიტიკური ვითარება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიძაბა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული, კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.