რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს

12:34, 04.03.2022

თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ნატო-ს საგანგებო მინისტერიალამდე განაცხადა.

„დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების ნამდვილად ძალიან დროული შეხვედრაა, რამდენადაც რუმინეთი შეშფოთებულია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეაგირება, რომელიც ნატო-მ უნდა იქონიოს რუსეთის აგრესიაზე, თანმიმდევრული კონსოლიდაცია აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ საბრძოლო ჯგუფების შექმნა რუმინეთში, რომელსაც საფრანგეთი უხელმძღვანელებს“, – განაცხადა აურესკუმ.

ბოგდან აურესკუ აღნიშნავს, რომ ნატო-მ უნდა გადახედოს თავის ფილოსოფიასა და ინფრასტრუქტურას, რადგან მდგომარეობა ახლა სრულიად განსხვავებულია.

„უნდა მოვარგოთ ეს პოზიცია არსებულ რეალობას, რომელიც გვიჩვენებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინასა და ბელარუსში იმყოფებიან“, – აცხადებს აურესკუ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო ფისკალური წლიდან, ნატო-ს ბიუჯეტში რუმინეთი მშპ-ის 2.5 პროცენტამდე გაზრდის შენატანს, ნაცვლად არსებული 2 პროცენტისა.

ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო შეხვედრისთვის ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრას ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების რანგში ესწრებიან ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები. ასევე, შეხვედრაზე მიწვეულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც. დღევანდელ მინისტერიალზე განსახილველი მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარებაა.

მსგავსი