რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს ბუქარესტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა იქნება.

როგორც ტეოდორ მელესკანუმ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილეებისადმი ევროკავშირს სპეციალური პოლიტიკა ჰქონდეს.

„ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება. ეს პროგრამა ეხება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის სპეციალურ პოლიტიკაზე იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაგან სამმა უკვე მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას” – განაცხადა მელესკანუმ.

რუმინელი დიპლომატის თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რუმინეთი შეეცდება გლობალურ ასპარეზზე ევროკავშირის როლი გააძლიეროს. მისივე განაცხადებით, რუმინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ორგანიზაციისთვის რთულ პერიოდში ხდება. ამის მიზეზად რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრექსიტი და მაისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 1-ელ იანვარს გახდა.