რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს
რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

რუმინელი პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს.

კალინ ჯორჯესკუ პროკურატურაში 4 აგვისტოს დილით მივიდა, სადაც, დაახლოებით, ნახევარი საათი გაატარა.

როგორც ცნობილია, გამოძახების მიზეზი ბრალდების შეცვლა იყო.

რუმინეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ ბრალდება არის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულება და ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს მუხლები 6-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების შეცვლა მას შემდეგ მოხდა, რაც ჯორჯესკუს პარტნიორის, ყოფილი სამხედროსა და კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელის, ჰორაციო პოტრას, რომლიც მისი დაცვის ხელმძღვანელი იყო, ჯგუფიდან 18 ადამიანი დაკითხეს. პროკურორები აცხადებენ, რომ პოტრამ და მისმა ხალხმა 2024 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ხელმძღვანელობა სცადეს, რაც ქაოსის შექმნას ისახავდა მიზნად.

რუმინული მედიის მიხედვით, გეგმა, სავარაუდოდ, ჯორჯესკუმ და მასთან დაახლოებულმა პირებმა საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებისთანავე, საიდუმლო შეხვედრაზე შეიმუშავეს. კალინ ჯორჯესკუ უკვე წარდგა სასამართლოს წინაშე ცალკე საქმეზე, რომელშიც მას ბრალი ედება გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებში დამნაშავე პირთა კულტის საჯაროდ პოპულარიზაციაში, ასევე ფაშისტური, ლეგიონერული, რასისტული ან ქსენოფობიური იდეების, კონცეფციების ან დოქტრინების საჯაროდ პოპულარიზაციაში.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.