რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა
რუმინეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
კალინ ჯორჯესკუმ საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც 9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ მას განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოთხშაბათს არის მოსალოდნელი.
როგორც კალინ ჯორჯესკუს პოლიიტკური მოკავშირე, „რუმინეთის ერთიანობის ალიანსის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი აცხადებს, საარჩევნო ბიუროს არ აქვს უფლება, უარი თქვას კანდიდატურის რეგისტრაციაზე, როდესაც დოკუმენტებთან, ხელმოწერებსა და ფორმებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
თავის გადაწყვეტილებაში ბიურო დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის დადგენილებას, რომლითაც მან გააუქმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის ბრალდებების ფონზე. ბიუროს განცხადებით, მიუღებელი იქნება განახლებად საარჩევნო პროცესში პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილებოდეს იგივე პიროვნება.
საარჩევნო ორგანოს გადაწყვეტილება კალინ ჯორჯესკუმ დემოკრატიაზე პირდაპირ დარტყმად შეაფასა. ცენტრალური საარჩევნო ბიუროს გადაწყვეტილებას კალინ ჯორჯეკსუს მომხრეთა საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
რუმინეთში პოლიტიკური ვითარება 2024 წლის ნოემბრის ბოლოს დაიძაბა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ყველასთვის მოულოდნელად, ულტრამემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ხმების 22%-ით პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული, კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება.