რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი - ტყუილია, რომ ნატო-დან და ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ვუჭერ მხარს, მაგრამ მინდა მოლაპარაკებები და ეროვნული ინტერესების წინ დაყენება
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი - ტყუილია, რომ ნატო-დან და ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ვუჭერ მხარს, მაგრამ მინდა მოლაპარაკებები და ეროვნული ინტერესების წინ დაყენება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარს.

„ეს არ არის სიმართლე! ეს არასოდეს მითქვამს, მაგრამ ვამბობდი, რომ მინდა მოლაპარაკებები და ეროვნული ინტერესების წინ დაყენება. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის მიღება, ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ რუმინელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ქვეყანა რომელიმე კლუბის წევრი“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.

მან ასევე ახალი ბრალდება წაუყენა რუმინეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს, ელენა ლასკონის და თქვა, რომ ის ცდილობს, რუმინეთი უკრაინის ომში ჩაითრიოს.

„გუშინ ვნახე, როგორ გამოუცხადა ომი ქალბატონმა ლასკონიმ, არა მე, არამედ მთელ ქვეყანას. გერმანიაში გუშინ განაცხადეს, რომ ომისთვის ემზადებიან და ქალბატონმა ლასკონიმ იგივე თქვა, დაამატა რა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ნებისმიერ მოთხოვნას შეასრულებს. ჩანს, ქალბატონ ლასკონის მეშვეობით რუმინელ ხალხს უკრაინის ომში ჩართვას სთხოვენ. უკრაინაში ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ჩემთვის ეს მშვიდობის, და არა ომის სტრატეგიაა. არანაირი კონფლიქტი, მხოლოდ მშვიდობა“, – განაცხადა ჯორჯესკუმ.

რუმინული მედიის ცნობით, ივნისში ჯორჯესკუ ნატო-ს უწოდებდა „მსოფლიოში ყველაზე სუსტ“ ალიანსს და ამბობდა, რომ რუმინეთი ნატო-ს დატოვებს.