რუმინეთის პრეზიდენტმა გალატში რუსული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები მოინახულა, ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ მისი გადადგომა მოითხოვა

21:38, 29.05.2026

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა გალატში რუსული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ შეძახილებით ნიკუშორ დანის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა და მისი გადადგომა მოითხოვა.

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ დრონი რუსეთმა უკრაინის მიმართულებით გაუშვა. მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ იგი ქალაქ რენის თავზე დააზიანა, თუმცა სრულად ვერ გაანადგურა. როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, დაზიანებულმა დრონმა ტრაექტორია შეიცვალა და გალატისკენ გაემართა.

ნიკუშორ დანის თქმით, ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

ამასთან, რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი ევროპა ახლა ახალ სამხედრო ტექნოლოგიებთან გამკლავებას ცდილობს, რომლებიც უკრაინის ომმა წარმოშვა.

„ეს ომია, რომელმაც შექმნა ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არ არსებობდა. არ არსებობს ქარხნები, რომლებიც ამ სახის აღჭურვილობას აწარმოებენ და ყველა რაც შეიძლება სწრაფად განახლებას ცდილობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ოთხი პროექტი გვაქვს“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ნატო-ს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების შესახებ კითხვაზე ნიკუშორ დანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირებში გახდება საჯარო.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი ათსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი