რუმინეთის პრეზიდენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუმინეთის პრეზიდენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ნაციონალური ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაურა კოვეშის გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

ამგვარად პრეზიდენტმა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულა. თავად კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ ლაურა კოვეშის თანამდებობიდან გათავისუფულების წინააღმდეგია.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 30 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტს დააკისრა ვალდებულება, ხელი მოაწეროს კოვეშის გათავისუფლების განკარგულებას.

„რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს და მუდმივად მოქმედებდა მათ ფარგლებში. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს 358/2018 გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ნაციონალური ანტიკორუფციული სააგენტოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ქალბატონი ლაურა კოვეშის გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

თავად კოვეშის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტიკორუფციული სააგენტოს პროკურორების საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის საფრთხეს ქმნის.

„დღევანდელი ეპიზოდი არ არის მარცხი – კორუფცია დამარცხდება. არ მიატოვოთ ბრძოლა. ოფისში მუშაობის ხუთი წლის, ერთი თვისა და 24 დღის შემდეგ, შემიძლია გითხრათ, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების საჭიროება“, – განაცხადა ლაურა კოვეშიმ.

ლაურა კოვეშიმ მმართველი პარტია დაადანაშაულა სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ბლოკირების მცდელობაში, რისთვისაც, მისი თქმით, ხელისუფლება სისხლის სამართლის კანონმდებლობას ამსუბუქებს.

ლაურა კოვეშის გადაყენების მცდელობა რუმინეთის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მიმდინარე წლის თებერვალში იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადერმა კლაუს იოჰანისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც კოვეშის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვა. იუსიტციის მინისტრის პოზიციას მხარი დაუჭირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემაც. პრეზიდენტმა მთავრობის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ ლაურა კოვეშის დასაცავად ბუქარესტის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ მთავრობა კორუფციონერების მფარველობაში დაადანაშაულეს და მინისტრ ტუდორელ ტოადორის გადადგომა მოითხოვეს.

ლაურა კოვეში რუმინეთის ნაციონალურ ანტიკორუფციულ სააგენტოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისმა უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კორუფციასა და ფინანსურ თაღლითობაში ბრალი ათასამდე ადამიანს წაუყენა, მათ შორის სამ მინისტრსა და ექვს დეპუტატს. 9 თებერვალს ფულის გათეთრებისა და კორუფციისთვის პრემიერის მთავარ ეკონომიკურ მრჩეველს, დარიუს ვალკოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, რუმინეთი ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სამეულში შედის.