რუმინეთის პრეზიდენტი - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კალინ ჯორჯესკუს მხარს უჭერდა უცხო სახელმწიფო, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კალინ ჯორჯესკუს მხარს უჭერდა უცხო სახელმწიფო, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების შემდეგ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისგან მიიღო შემაშფოთებელი შეტყობინებები, რის გამოც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა გადაწყვიტა. კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ლეგიტიმური იყო და პატივისცემას საჭიროებს.
რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტებმა აჩვენა, რომ წინასწარ ორგანიზებული მძინარე ქსელი მოულოდნელად გააქტიურდა აპლიკაციაში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. კალინ ჯორჯესკუ საარჩევნო კამპანიას სოციალური ქსელებით, ძირითადად, „ტიკ-ტოკით“ აწარმოებდა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დასავლური მედია კალინ ჯორჯესკუს ულტრამემარჯვენე და დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ კანდიდატად განიხილავს. თავად ჯორჯესკუ პოლიტიკურ მანიფესტში მთავარ საკითხად ეროვნულ ინტერესებს ასახელებს.