რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კონსტანცაში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სახელმწიფოების ევროპულ ინტეგრაციას. რუმინეთის თვალსაზრისით, ამ სამმა ასპირანტმა უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან რეფორმების განხორციელების პროცესისთვის და ერთიანი მიდგომისთვის, მათი დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად“, – განაცხადა იოჰანისმა.
კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„საკითხი არაერთხელ განხილულა და მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს გვექნება გადაწყვეტილება. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩემი და რუმინეთის სახელით; ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა და აღნიშნა: „ვეცდებით, მოვძებნოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება განხორციელებადი და მდგრადი“.