რუმინეთის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპის ახალ სამყაროში ეკონომიკა მორალს ამარცხებს
დონალდ ტრამპის ახალ სამყაროში ეკონომიკა მორალს ამარცხებს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„მსოფლიო შეიცვალა. ჩვენ, გარკვეულწილად, მორალური გზიდან ძალიან პრაგმატულ და ეკონომიკურ გზაზე გადავედით“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.
ამასთან, ნიკუშორ დანის თქმით, აშშ-მა და ევროკავშირმა ერთმანეთის უკეთ გაგება უნდა შეძლონ.
„ახლა ჩვენ გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდში ვართ, როდესაც ერთმანეთის უკეთ უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალი იყო თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, როდესაც ევროპელებს სუსტები უწოდა, ნიკუშორ დანმა დადებითად უპასუხა.
„დიახ, ტრამპის შეფასებაში გარკვეული სიმართლეა. ევროპა შესაძლოა, ძალიან ნელა იღებდეს გადაწყვეტილებებს. მაგალითად, უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმებას თვეების განმავლობაში კამათი და გასულ კვირას, ბრიუსელში, დაძაბული სამიტი დასჭირდა, რომელიც დილის სამ საათზე დასრულდა. მაგრამ, რაც მთავარია, საბოლოოდ, უთანხმოების მქონე ევროკავშირმაც კი მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, ნიკუშორ დანი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის.
„მოკლევადიან პერსპექტივაში, მე უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ოპტიმისტურად. რუსეთს, როგორც ჩანს, მშვიდობა არ სურს. ისინი ფიქრობენ, რომ ორ, სამ თვეში მშვიდობა მათთვის უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა. ამიტომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რადგან ბრძოლის ველზე მცირე პროგრესს მიაღწიეს“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუმინეთი უკრაინას მხარს უჭერს და მიესალმება დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად. დანმა ასევე აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მშვიდობა, რომელშიც აგრესორი, გარკვეულწილად, დაჯილდოვდება, „არ არის კარგი ევროპისთვის ან მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოებისთვის“.
„ნებისმიერი სახის მშვიდობა, რომელშიც აგრესორი გარკვეულწილად დაჯილდოვდება, არ არის კარგი ევროპისა და მსოფლიოს მომავალი უსაფრთხოებისთვის, მაგრამ უკრაინელები ძალიან იტანჯებიან. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, დავადანაშაულოთ ისინი მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების გამო“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.