რუმინეთის პრეზიდენტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს
რუმინეთის პრეზიდენტი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მიუღებელს უწოდებს და დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას ითხოვს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

„დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და რეპრესიები დაუშვებელია ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ქალებსა და ბავშვებზე თავდასხმა მიუღებელია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი და სად იმყოფებიან… დარწმუნებული ვარ, ჟანდარმების ჩარევა პროტესტის არათანაზომიერი იყო“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის შთამბეჭდავია რუმინელების ასეთი მობილიზება და ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციებში დიასპორების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

პრეზიდენტის თქმით, აქციის დაშლიდან სამი დღე გავიდა, პასუხისმგებელი პირები კი ამ დრომდე გამოვლენილი არ არიან. როგორც იოჰანისმა განაცხადა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამას უკვე მოჰყვებოდა გადადგომები.

„მოვუწოდებ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებს, სერიოზულად მოეკიდონ საპროტესტო გამოსვლებს და არ შეეწინააღმდეგონ სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არ გვჭირდება არასტაბილურობა და ხანგრძლივი სოციალური კრიზისი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 10 აგვისტოს ბუქარესტში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 450-მდე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პრეზიდენტის მოთხოვნის შემდეგ, რუმინეთის გენერალურმა პროკურატურამ სამართალდამცველების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რუმინეთში უკვე რამდენიმე დღეა, საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დენჩილეს მთავრობის გადადგომას ითხოვენ.