რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მიხაი ტუდოსე თანამდებობიდან გადადგა. განცხადებას მისი პოსტიდან წასვლის შესახებ პრეზიდენტს, კლაუს იოხანისს ხელმოსაწერად დღეს წარუდგენენ. ინფორმაციას რუმინეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს, კანონის მიხედვით, ტუდოსემ პრემიერ-მინისტრის პოსტის ვაკანტურობის შესახებ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, ასევე, დაასახელოს მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა, რომელიც მინისტრთა ახალი კაბინეტის არჩევამდე მთავრობას უხელმძღვანელებს.
ორშაბათს საღამოს მრავალსაათიანი სხდომის შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს პრემიერ-მინისტრისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა შეეწყვიტათ. შეხვედრიდან გამოსულმა ტუდოსემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტს თავაწეული ტოვებდა.
დაპირისპირება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ლივია დრაგნიასა და პრემიერ-მინისტრს შორის რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გარშემო ამტყდარი სკანდალის გამო წარმოიქმნა, რომლის თანამდებობიდან გადადგომასაც ტუდოსე ითხოვდა. სოციალ-დემოკრატების ლიდერი კი ამ ცვლილების წინააღმდეგი იყო.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა ტუდოსე 2017 წლის 29 ივნისს აირჩია.