რუმინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს გაფართოების პოლიტიკის პროგრესი
ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს გაფართოების პოლიტიკის პროგრესი. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიორიკა დენჩილემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, რუმინეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე პრიორიტეტებად ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე გარე საზღვრებისა და კიბერსივრცის დაცვა დაასახელა.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით. პარალელურად, ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა უახლოესი მეზობლების მხარდასაჭერად. კერძოდ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პროგრესი. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავს, ამიტომ გაფართოების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
ვიორიკა დენჩილეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ევროკავშირის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს კიბერთავდასხმებსა და გარე ჩარევას.
რუმინეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე 2019 წლის ივლისამდე იქნება.