რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინეთის პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ ხმა 238 დეპუტატმა და სენატორმა მისცა. უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო მინიმუმი კი 233-ია.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუმინელი კანონმდებლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიორიკა დენჩილეს არაკომპეტენტურობასა და ევროკავშირის ფონდების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით ექვსი ოპოზიციური პარტია გამოვიდა.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ვიორიკა დენჩილე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ახალი კაბინეტი უნდა ჩამოაყალიბონ, აღნიშნული მთავრობა კი რუმინეთს 2020 წელს დაგეგმილ არჩევნებამდე მართავს. ჯერ უცნობია, გამოიწვევს თუ არა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება რუმინეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.